"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, დანარჩენს ვერ გეტყვით, საიდუმლოა"

პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, სხდომაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა.

"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. დანარჩენი საიდუმლოა და ვერ გეტყვით",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის არყოფნამ დაბრკოლება გამოიწვია თუ არა სხდომაზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დაბრკოლება არ ყოფილა, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, პრემიერი სხდომაზე ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სხდომაზე დღეს სამი ძირითადი საკითხი განიხილებოდა. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2016 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა იყო, რომლის მისაღებად, საჭირო იყო საბჭოს თერთმეტი მუდმივ წევრთა 2/3 დასწრება, ხოლო დღევანდელ სხდომაზე ქვორუმი არ შედგა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს საკითხი, თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეჯერებული იყო და დღევანდელი სხდომის ოქმი პრემიერს ხელმოსაწერად გადაეცემა. ამის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი, პარლამენტს გადაეგზავნება.