გორის რაიონის სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესია და ტერიტორია აკურთხა, მან ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით წარსდგნენ მეუფე ანდრია და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.
"მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, არ უნდა დაკარგოთ იმედი, არ უნდა დაკარგოთ რწმენა და სიყვარული. ღმერთმა ინებოს, რომ მალე განთლიანდეს საქართველო, მალე დაბრუნდეს ჩვენი მიწა-წყალი და ის მწუხარება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, სიხარულად გადაიქცეს",- ბრძანა უწმინდესმა.
ღონისძიებას დაესწრნენ წმინდა სინოდის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.
პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და გადაღებულია დოკუმენტური ფილმი - „შინდისის გმირები". 17 გმირის სახელზე აიგო ბრინჯაოს მონუმენტი.