რეგიონულ ფედერაციებში აღმოჩენილ კანონდარღვევებზე შესაძლოა საქმე აღიძრას

რეგიონულ ფედერაციებში აღმოჩენილ კანონდარღვევებზე შესაძლოა საქმე აღიძრას

"საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ცობეხიას განცხადებით, რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევა კანონდარღვევებით მიმდინარეობდა.

გიორგი ცობეხიამ განსაკუთრებული ყურადღება გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონულ ფედერაციებზე გაამახვილა.

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში ცობეხიამ დოკუმენტაცია წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის ოთხი წევრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს მიმართავს განცხადებით, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ როდის ტარდებოდა აღმასკომის სხდომა.

სხდომის წევრები წარდგენილი დელეგატის უფლებამოსილების შემოწმებას ითხოვენ. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის წევრები პორფილე კოპალიანი, დავით ქემოკლიძე, რომან კირვალიძე და ზურაბ ლიპარტელიანი.

"რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ საკმაოდ კომიკური რაღაც მოხდა. რეგიონული ფედერაციის სხდომას, სადაც დელეგატი უნდა წარედგინათ, შვიდიდან ოთხი დელეგატი დაესწრო. ხელმძღვანელმა წესდება დაარღვია და კანონისდარღვევით წარადგინა ის კანდიდატი, რომელიც მისთვის იყო მოსაწონი. ყოველივე ეს იწვევს ეჭვს, რომ ხდება არა მხოლოდ წესდების დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტებით უნდა დაინტერესდნენ კონკრეტული საგამოძიებო ორგანოები",- განაცხადა გიორგი ცობეხიამ.

ცობეხიას განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე დღეში პროკურატურას განცხადებით მიმართავს, მოხდეს რეგიონული ფედერაციების საქმიანობისა და კონკრეტულად დელეგატების არჩევის საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც აღნიშნულ სქემაში იღებს მონაწილეობას.