კახა მამულაშვილის გირაოთი გათავისუფლების მოტივი მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება გახდა, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, პროდიუსერის, კახა მამულაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა პროკურორი, მედიის შეკითხვაზე, გამორიცხულია თუ არა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, კონკრეტულად არ საუბრობს.
"გირაოთი მისი გათავისუფლების საფუძველი გახლდათ ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და ის გარემოება, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ. ეს დაეხმარა გამოძიებას, აღარ არსებობდა მისი, როგორც ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ჩავთვალეთ, რომ გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით სრულად უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების შესრულებას. ამასთან, ბრალდებულს დაევალა სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე ყოველ 10 დღეში გამოცხადდეს" , - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, გიორგი დავითაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
"წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერ ვიტყვი, გაუფორმდება თუ არა შეთანხმება. დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის განხილვები და მიმდინარეობა გვაჩვენებს, რა შედეგით დასრულდება", - განაცხადა პროკურორმა.
კახა მამულაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მოტივი საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვა გახდა.