გიორგი ცობეხია: სახეზე გვაქვს დეფექტური საარჩევნო გარემო, რომლის შემქმნელები  ფედერაციის მესვეურები არიან

გიორგი ცობეხია: სახეზე გვაქვს დეფექტური საარჩევნო გარემო, რომლის შემქმნელები ფედერაციის მესვეურები არიან

"საქართველოს სპორტის საზოგადოება" რეგიონულ ფედერაციებში არსებულ პრობლემებსა და შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ცობეხიას განცხადებით, რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევა დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. 

ცობეხიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გურიის ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მან ის დოკუმენტაციაც წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, გურიის ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად წარედგინა დელეგატის კანდიდატურა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, გურიის რეგიონალური ფედერაციის წესდების თანახმად, დელეგატის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო განსაზღვრული არ არის. როგორც საჯარო რეესტის დოკუმენტშია აღნიშნული, ფედერაციის წესდების მიხედვით, ფედერაციის გამგეობა წარმოადგენს ხელმძღვანელ და წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის წესდების 5.16-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი „ასრულებს გამგეობისა და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“ აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსლება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმოამდგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხზე. 

ცობეხიას თქმით, გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ კანონდარღვევით მოახდინა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და აღმასკომის სხდომაზე ის კანდიდატი წარადგინა, რომელიც მისთვის იყო მისაღები. 

ცობეხიას განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე დღეში პროკურატურას განცხადებით მიმართავს, რათა მოხდეს რეგიონული ფედერაციების საქმიანობისა და კონკრეტულად დელეგატების არჩევის საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც აღნიშნულ სქემაში იღებს მონაწილეობას. 

"ჩვენ სახეზე გვაქვს დეფექტური საარჩევნო გარემო, რომლის მთავარი მონაწილეები და მთავარი შემქმნელები დღევანდელი ფედერაციის მესვეურები არიან",- აღნიშნა გიორგი ცობეხიამ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ გონივრული ეჭვი, რომ რამდენიმე რეგიონალურ ფედერაციაში, მოხდა უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება და დოკუმენტაციების გაყალბება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა.