სოფელ ხურვალეთის მცხოვრები პატრიარქს - ძალიან ცუდ დღეში ვართ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში

სოფელ ხურვალეთის მცხოვრები პატრიარქს - ძალიან ცუდ დღეში ვართ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში

ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში, _ ამის შესახებ სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა დავით ვანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შესჩივლა.

პატრიარქი დღეს გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

"ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩვენგან ოსური სოფელი წინაგარაა. პურზეც და მარილზეც ამ სოფელში მივდივართ. თუმცა იქ რუსულ ფულს გვთხოვენ, საიდან უნდა მოვიტანო რუსული ფული, ჩვენ მხოლოდ პენსიას გვაწვიდიან ამ ღობიდან და ის ქართული ფულია. ლარით მარილსაც კი არ გვაძლევენ. ახლა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, აქ რომ მოვედით და გესაუბრებით, საღამოს შეიძლება მოვიდნენ რუსები და ამის გამო პასუხი მოგვთხოვონ", - განაცხადა უწმინდესთან საუბრისას დავით ვანიშვილმა. 

უწმინდესმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, ჯვარი და სანთლები აჩუქა, ასევე ვერცხლის სამაჯურები წარწერით "უფალი შეგვიწყალენ", ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა. 

უწმინდესმა დავით ვანიშვილს სთხოვა, რომ პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ. პატრიარქმა მავთულხლართების მიღმა მოქცეულ ოჯახი დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. 

დღესვე პატრიარქი ნიქოზს და შინდისსაც ეწვევა.