საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 100 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით მკვეთრად გაზრდილია ინფლაციის მოლოდინები აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, რაც ინფლაციის მიზნობრივი დონიდან ერთჯერადი გადახრის შედეგად ზრდის სამომავლო რისკებს. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი 1.0 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა. მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია თარგეთიდან დროებითი გადახრის შემდგომ 2016 წლის ბოლოს მიზნობრივ ნიშნულამდე ჩამოვა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.
მათივე ინფორმაციით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს.
"პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ მოახდინა იმპორტის კორექტირება. აპრილის თვიდან, ხუთ თვიან პერიოდში, იმპორტის კლებამ 20 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე). შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი გაცვლით კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან გაცვლით კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.
იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინები არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე", - აცხადებენ ბანკში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 4 ნოემბერს გაიმართება.