პატრიარქმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს სანთლები და თანხა გადასცა

პატრიარქმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს სანთლები და თანხა გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. უწმინდესი სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებიდან ჩასულ მრევლს შეხვდა. შემდეგ კი პატრიარქმა გორისა და ატენის ეპარქიის მმართველთან, მიტროპოლიტ ანდრიასთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მავთულხლართებთან გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. 

უწმინდესმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, ჯვარი და სანთლები აჩუქა, ასევე ვერცხლის სამაჯურები წარწერით "უფალი შეგვიწყალენ", ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა. 

უწმინდესმა დავით ვანიშვილს სთხოვა, რომ პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ. დავით ვანიშვილმა უწმინდესს შესჩივლა, რომ მავთულხლართებს მიღმა პატიმარივით ცხოვრობს. 

"ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩვენგან ოსური სოფელი წინაგარაა. პურზეც და მარილზეც ამ სოფელში მივდივართ. თუმცა იქ რუსულ ფულს გვთხოვენ, საიდან უნდა მოვიტანო რუსული ფული, ჩვენ მხოლოდ პენსიას გვაწვიდიან ამ ღობიდან და ის ქართული ფულია. ლარით მარილსაც კი არ გვაძლევენ. ახლა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, აქ რომ მოვედით და გესაუბრებით, საღამოს შეიძლება მოვიდნენ რუსები და ამის გამო პასუხი მოგვთხოვონ", - განაცხადა უწმინდესთან საუბრისას დავით ვანიშვილმა. 

პატრიარქმა მავთულხლართების მიღმა მოქცეულ ოჯახი დალოცა და დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. 

დღესვე პატრიარქი ნიქოზს და შინდისსაც ეწვევა.