"საქართველოს სპორტის საზოგადოება" კახა ებრალიძეს სამართლებრივი ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

"საქართველოს სპორტის საზოგადოების" ინფორმაციით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ხელოვნურად არიდებს თავს სხდომის დასწრებას.

როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ორგანიოზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ცობეხიამ განაცხადა, კახა ებრალიძე რამდენჯერმე შეეცადა შეცდომაში შეეყვანა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ კახა ებრალიძე ხელოვნურად არიდებს თავს სხდომის დასწრებას, რადგან მან უკვე ყველა სხვა იურიდიული მეთოდით სცადა დაემტკიცებინა, თითქოს მას შეეძლო ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. ეს არ გამოუვიდა, ამაზე არსებობს ტრიბუნალის გადაწყვეტილება, არსებობს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. კახა ებრალიძე ხელოვნურად წელავს პროცესს, რაც ჩვენი მხრიდან არის ეჭვის საფუძველი იმისა, რომ ის ცდილობს უხეშად ჩაერიოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხელოვნურად დაიჭიროს კონკრეტული კანდიდატის მხარე, რაც ბუნებრივია არღვევს ყველა სახის სამართლებრივ ნორმას", - განაცხადა გიორგი ცობეხიამ.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდეს რეგიონული ფედერაციების საქმიანობით, კონკრეტულად კი დელეგატების არჩევის პროცესით.