საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს უსამძიმრებს.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თინა ხიდაშელმა განაცხადა, სამწუხაროდ, გუშინ ავღანეთში ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
"გუშინ ავღანეთში ერთი ჯარისკაცი დავკარგეთ. პირველ რიგში, მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. წუხელ მთელი ღამე იქ ვიყავით და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და, რომელიც ასე გმირულად შეხვდა ამ ამბავს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ასვეე დაჭრილია ერთი ჯარისკაცი, თუმცა მას ოპერაცია გაუკეთდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხიდაშელის განცხადებით, დაჭრილ ჯარისკაცს დღეს გერმანიაში კლინიკაში გადაიყვანენ და ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.
რაც შეეხება დანარჩენ ჯარისკაცებს, ხიდაშელის განცხადებით, ისინი ჯანმრთელად არიან.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინციდენტი პატრულირების დროს მიხდა და ეს არ იყო ბაზაზე თავდასხმა ან რაიმე მსგავსი შემთხვევა.