გიორგი ქადაგიძე - თუ აღდგება ინვესტიციები, სავსებით შესაძლებელია ლარი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე

გიორგი ქადაგიძე - თუ აღდგება ინვესტიციები, სავსებით შესაძლებელია ლარი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე

თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თავისთავად ცხადია ლარს ექნება გამყარების ტენდენცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, სამომხმარებლო კალათაში დიდი ნაწილი არის იმპორტირებული კომპონენტი და ეს აისახება სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილზე. "არის დადებითად მოქმედი ტენდენციები, რეკორდულად მცირე ნავთობის ფასი, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიც არის ხორბალი, შაქარი, ზეთი ფასებიც არის შემცირებული, რომელიც ჩვენდა სასარგებლოდ მოქმედებს, ამიტომ მთელ რიგ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა და ჯამურად ინფლაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით არის 5%-ზე ცოტა მეტი, მაგრამ ინფლაციური მოლოდინი სამწუხაროდ არის ძალიან მაღალი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 
გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ხვალ არის მონეტარული პოლიტიკის მორიგი კომიტეტის სხდომა. 

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ინფაციის მომატება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება. ინფლაციის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ნაწილში ძალიან მძიმედ არ დააწვეს ჩვენს მოქალაქეებს ტვირთი, რომელთაც გაზრდილი სესხის მომსახურება ისედაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის". 

მისივე თქმით, აუცილებელია სავალუტო ნაკადების აღდგენა სხვადასხვა წყაროებით. "ლარის კურსის ეს ნიშნული ისედაც ძალიან მძიმე ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი არის ყველა ღონისძიება გატარდეს იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს როგორც საშუალოვადიან პერიოდში, ისე გრძლვადიან პერიოდში ამ ტვირთის შემსუბუქება. თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც გვქონდა ამ პროცესების დაწყებამდე, თავისთავად ცხადია ლარს ექნება გამყარების ტენდეცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.