დაესწრება თუ არა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოში განუცხადეს, ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს ყველა მუდმივი წევრი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია მიწვეული.
"ჩვენ უშიშროების საბჭოს ყველა წევრს გავუგზავნეთ მოწვევა. ვიცით, რომ სხდომას პარლამენტის თავდაცვის და საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები – ირაკლი სესიაშვილი და თედო ჯაფარიძე ვერ დაესწრებიან, რადგან საქართველოში არ იმყოფებიან. გარდა ამისა, ხვალ ვიზიტით მიემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც ასევე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინ მოვა და ვინ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით წინასწარ არანაირი დადასტურება ან მიწერ-მოწერა არ ხდება", - განაცხადეს უშიშროების საბჭოში.
უშიშროების საბჭო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით აქამდე ორჯერ შეიკრიბა. პირველ შემთხვევაში მას პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია, მეორე სხდომაზე კი - იმყოფებოდა.
უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ, 17:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ დოკუმენტის" პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი. მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.