საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა სამუშაო სადილზე დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე წარმატებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგულია, თუმცა ამავდროულად, დიდ ყურადღებას უთმობს პრაგმატულ, კონსტრუქციულ სამეზობლო პოლიტიკას.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.