ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფონდის მიერ 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მნიშვნელობას და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტს –„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა, ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.
„სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში დაახლოებით 30 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების ფარგლებში 3 უნივერსიტეტში 20–მდე ახალი ობიექტი მოეწყო. მხედველობაში მაქვს ფიზიკა–ქიმიის და ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორიები. ასევე დასრულდა გამოცხადებული კონკური „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც 16 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა განაწილდეს. უკვე შემოსულია 70 განაცხადი“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგ სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში მოისმინა.
„პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. განვიხილეთ აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტში მიმდინარე საკითხები, საქმიანობა. ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში გავაკეთეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი არის ამერიკის მთავრობის გრანტი, რომელიც საქართველომ ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების მიზნით მიიღო“, – განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტს ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.