დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა საჭირო ზომებს მიიღებს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად

დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა საჭირო ზომებს მიიღებს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. აღნიშნული განცხადება ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლა ხორციელდება, მათ სახლებთან აქციებისა და პიკეტების ჩატარების გზით.

დემოკრატიის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფაა. მისი გადაწყვეტილებები საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად იმ სახელმწიფოში, რომელიც კანონის უზენაესობას სცემს პატივს.

ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ შეუძლია, აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში კრიტიკული ხედვა ჰქონდეს. თუმცა, ასეთი კრიტიკის გამოხატვა კორექტული და კანონიერი გზით უნდა გამოიხატებოდეს. მოსამართლეებისა და მათი ოჯახების პირად ცხოვრებას ყველა უნდა სცემდეს პატივს.

დარმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო ზომებს მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.