ბრალდების მხარე ე.წ. რიყის ეპიზოდზე სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე ე.წ. რიყის ეპიზოდზე სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა ე.წ. „რიყის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გამამართლებელ ნაწილში არ ეთანხმება და, სააპელაციო წესით, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

სასამართლომ  ე.წ „რიყის“ ტერიტორიის გასხვისება-შეძენის ეპიზოდზე, ბრალდებულ გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. გიორგი უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დავით კეზერაშვილს ამავე კოდექსის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, რიყის ეპიზოდზე, ბრალდების მხარე გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილს ედავებოდა, რომ 2008 წლის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - დავით კეზერაშვილმა, განიზრახა ბიზნესმენ ჯოზეფ კეისთან არსებული ფინანსური ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრულება, რისთვისაც დაუკავშირდა იმჟამინდელ ქალაქ თბილისის მერს - გიორგი უგულავას, რათა ამ უკანასკნელს ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით მოეხდინა თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე კერძო კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად გამოსყიდვა, ხოლო ზედმეტად გადახდილ თანხას დავით კეზერაშვილი მისცემდა კანონიერ სახეს და გადასცემდა ჯოზეფ კეის.

"აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ 2008 წლის 29 დეკემბერს გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, დავით კეზერაშვილთან შეთანხმებისამებრ გამოსცა №25.01.869 დადგენილება, რომლის თანახმადაც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან, შპს ,,ახალ რიყესთან“ შეთანხმებით, საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად, კერძოდ კი 17 000 000 აშშ დოლარად გამოსყიდულ იქნა 2006 წლის 06 ივნისს აუქციონის წესით შპს ,,ახალ რიყეზე“  7 000 000 აშშ დოლარად გასხვისებული, ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 43 350 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. გიორგი უგულავას აღნიშნული ქმედების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ფულადი თანხა, რაც მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა მოხმარებოდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების წახალისებას, მის განაშენიანებას, რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას. მას შემდეგ, რაც შპს ,,ახალი რიყისათვის“ ანაზღაურებულ იქნა ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ რიყის ტერიტორიის შესაძენად დახარჯული 7 000 000 აშშ დოლარი, დარჩენილი, დანაშაულებრივი გეგმის შედეგად გაფლანგული 10 000 000 აშშ დოლარის ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ჯოზეფ კეის კუთვნილ კომპანია „LAKEBROW LIMITED“-სა და შპს „ახალი რიყეს“ შორის დაამზადა ფიქტიური ხელშეკრულება მმართველობითი და ოპერაციული მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით ითვალისწინებდა 10 000 000 აშშ დოლარის გადახდას. მოჩვენებითი ვალდებულების ვითომდა დარღვევის გამო, დავით კეზერაშვილთან  შეთანხმებით,  2009 წლის 12 თებერვალს  შპს „ახალი რიყის“ მიერ 10 000 000 აშშ დოლარიდან შესაბამისი გადასახადის გადახდის შედეგად დარჩენილი 8 811 189 აშშ დოლარი გადაირიცხა ჯოზეფ კეის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე",-ნათქვამია განცხადებაში

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროცესის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და ჯერი დაცვის მხარეზე მიდგა, ადვოკატებმა სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა არაერთხელ შეცვალა ადვოკატები, რომლებმაც თავის მხრივ 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით, 9-ჯერ თქვეს უარი საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. მსგავსი ქმედებებით დაცვის მხარემ შეძლო სხდომის ხელოვნურად გაჭიანურება სექტემბრამდე და რომ არა დაცვის მხარის მსგავსი ქმედებები ხსენებული საქმის განხილვა დასრულდებოდა რამდენიმე თვით ადრე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორებმა მედიასთან არაერთხელ ისაუბრეს და მოუწოდეს დაცვის მხარეს რომ შეეწყვიტა საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, თუმცა კი სხვა მხრივ ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას რეალურად ჩარეულიყო  საქმის მიმდინარეობაში",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ასევე, როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 9 თვიანი საპატიმრო ვადის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით საპროცესო კოდექსის ერთი კონკრეტული მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას, არ უკავშირდებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად არ ცვლიდა ბრალდებულ გიორგი უგულავას სამართლებრივ სტატუსსა და მდგომარეობას, ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას არ ჰქონია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.

"აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ბრალდების მხარდაჭერას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გიორგი უგულავას ბრალდების სხვა სამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება გიორგი უგულავას თბილისის მერად მუშაობის პერიოდს: 2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ივანე მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას ჩარევით ქართულ ტელებაზარზე მიმდინარე მოვლენებს, რაც გამოიხატა ტელეკომპანია იმედის დაუფლებისა და მთაწმინდის პარკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის საკითხებს. 2009-2013 წლებში შპს ,,სიტი პარკის“ სასარგებლოდ მისი, როგორც იმჟამინდელი მერის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რის შედეგადაც სახელმწიფომ ვერ მიიღო 1 086 718 ლარი. 2011-2012 წლებში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, პარტიის კოორდინატორების დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად ქ.თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტს. სასამართლო განხილვების მიმდინარეობის პარალელურად, გირაოს ქვეშ ყოფნის პერიოდში, გიორგი უგულავამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და გიორგი ღონიაშვილთან ერთად განახორციელა 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აგრეთვე ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ განახორციელა იძულება და მასობრივი არეულობის ორგანიზება", - ნათქვამია განცხადებაში.