თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, 6 თვის ვადით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობას ეხება.
"გიორგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის“ კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ასევე 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება",-ნათქვამია განცხადებაში
პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ბრალდების 87 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის რგოლში დასაქმებული თანამდებობის პირები და კოორდინატორები, რომელთა ჩვენებებითაც, დადასტურდა, რომ ქალაქ თბილისის მერმა გიორგი უგულავამ 2010-2011 წლებში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების, ე.წ. კოორდინატორების მიერ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გაწეული პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად, საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ ფიქტიურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 712 საშტატო ერთეულით, სადაც ფიქტიურად გააფორმა ზემოხსენებული 712 კოორდინატორი, მაშინ როდესაც ისინი რეალურად შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებდნენ.
"ამრიგად, ქალაქ თბილისის მერის გიორგი უგულავას მხრიდან, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიფლანგა 4 196 756 ლარი. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელთა ერთობლივი ანალიზით და მოწმეთა ჩვენებებთან სრული თანხვედრა სასამართლომ უტყუარად მიიჩნია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბრალდებულ გ. უგულავას მიმართ", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში