საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა "HARDtalk"-ში განაცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, უკვე 21 წელია ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კი, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა მაპი-ს გადაცემაზე, მივიღეთ იმედგაცრუება.
"საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება. ეს ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული საკითხია. ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია, რუსული აგრესიის შესახებ წიგნებში არ წაუკითხავთ და სკოლაში არ უსწავლიათ. თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები კლავდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს არ დაუჭერენ მხარს რუსეთს, ევრაზიის კავშირსა თუ მსგავს ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებას. თუმცა, სკეპტიციზმი ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ძალიან მაღალია. არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში...
უკვე 21 წელია ნატოსკენ მივისწრაფით და ვაკაკუნებთ ნატოს კარზე. ჩვენ შეგვიპრდნენ, რომ თუ რეფორმებს გავატარებდით და შევასრულებდით დაკისრებულ მოვალეობებს, საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ იმედგაცრუება, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა მაპი-ს გადაცემაზე, თუმცა, სამიტზე ნატოს ყველა ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე უარის თქმით რუსეთს გზა გაეხსნა ჩვენს ქვეყანაში შემოსაჭრელად.
"როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ გადაეცა, მოსკოვს გზა გაეხსნა საქართველოში შემოსაჭრელად, რაც განახორციელა აგვისტოს თვეში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორივე მაგალითი. ეს არის ის ქვეყნები, სადაც ხალხი იღუპებოდნენ ომებში, რისი აღკვეთაც შეეძლოთ ნატოსა და ევროკავშირს," – განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.