უშიშროების საბჭოს სხდომა 23 სექტემბერს დაინიშნა

უშიშროების საბჭოს სხდომა 23 სექტემბერს დაინიშნა

2015 წლის 23 სექტემბერს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი:

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის;

სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები;

„საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.

მომხსენებლები:

თინათინ ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.

საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის მუხლი 38 ის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.