ლუკ კოფი - საქართველო სწორ გზაზეა, ნატო-ში გაწევრიანება კი დროის საქმეა

ლუკ კოფი - საქართველო სწორ გზაზეა, ნატო-ში გაწევრიანება კი დროის საქმეა

ვაშინგტონის ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად MAP-ის მიღება არ სჭირდება. ამის შესახებ ლუკ კოფმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი აზრით, ამერიკამ ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რათა ცრუ მოლოდინები გაიფანტოს და MAP-ის არქონის პირობებში თბილისის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია განეიტრალდეს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა MAP-ის მიღება აუცილებელი არ არის. მისი მტკიცებით, MAP-ი ხელოვნური წინაღობაა, რის შესახებაც კარგად იციან ოფიციალურ და საექსპერტო წრეებში. ლუკ კოფის აზრით, ნატო-ს ვარშავის სამიტამდე შეერთებულმა შტატებმა, როგორც საქართველოს მოკავშირემ, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას MAP-ის გარეშე.

"ვფიქრობ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-ს სამოქმედო გეგმას. MAP-ი არის ხელოვნური მექანიზმი. ის ბოლო პერიოდში შემოიღეს, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო ეტაპი არ არის. ნატო-ში MAP-ის გარეშე არა ერთი ქვეყანა გაწევრიანდა. ექსპერტებმა ამის შესახებ იციან, ფართო საზოგადოებამ კი - არა. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ კარგად გაიგოს, რომ MAP-ი არ არის გადამწვეტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ან სხვა მაღალი რანგის პირებმა, ეს მკაფიოდ უნდა თქვან. ის, რომ საქართველოს არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რუსეთი პროპაგანდის ნაწილად, ისევ სათავისოდ იყენებს. ნატო-სკენ გრძელი გზაა, მაგრამ სამოქმედო გეგმა, შესაძლებელია, ამ გზის ნაწილი სულაც არ იყოს", - განაცხადა ლუკ კოფმა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რა ეტაპზეა ორი ქვეყნის პარტნირობა თავდაცვის სფეროში, ლუკ კოფი აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობა წარმატებულია. ქართველებს შეუძლიათ, ამ ურთიერთობით იამაყონ.

"საქართველო მონდომებულია, თანამშრომლობა გაღრმავდეს. აშშ-ს შეუძლია, უფრო მეტი გააკეთოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის და მიაწოდოს მას თავდაცვითი იარაღი და ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. მე რომ ქართველი ჯარისკაცი ვიყო, გამიკვირდებოდა, თუკი ზომიერ სირიელ, ან ზომიერ ლიბიელ მეამბოხეს დასავლეთიდან მიწოდებული იარაღით აღჭურვილს დავინახავდი. ეს იმ დროს, როცა ჩვენ მოკავშირე ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და იღუპებიან და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში ამხელა წვლილი შეაქვთ, ასეთი იარაღი არ აქვთ", -განაცხადა ექსპერტმა.