ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე თანმხდება.
ამის შესახებ ქადაგიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ კურსი დღეს არის თავის პიკში. სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ზეწოლას არ ველოდებით. იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა გაძლიერდა ჩვენ მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ. თავის მხრივ, მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, რომ ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. ამასთან ჩვენ ვთანხმდებით სავალუტო ფონდის მიმოხილვის განახლების აუცილებლობაზე, ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში, საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება. მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაში იგულისხმება ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენება. მათ შორის თუ საჭირო გახდა სავალუტო ინტერვენციებიც", - განაცხადა ქადაგიძემ.
კითხვაზე აპირებს თუ არა ეროპვნული ბანკი რეფინანსირების სესხების შემცირებას კურსის დასტაბილურების მიზნით, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ლარის კურსზე რეფინანსირების სესხები გავლენას არ ახდენს და ამაზე მისი თქმით, ყველა თავმოყვარე ეკონომისტი თანხმდება.
რაც შეეხება, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველკობის სააგენტოს გამოყოფას, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიცია ცნობილია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი საზრუნავი არის ლარის კურსი.