პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას, ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორს მიმართავს და მოუწოდებს მათ ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინონ.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ვალუტას ეხება. ამ პროცესში, მედიის, ჟურნალისტების როლი არის განსაკუთრებული, თუ როგორ მიაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, რა ფორმით გექნებათ კომუნიკაცია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მაქსიმალურად შევთანხდმით, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, მთელი მთავრობა ვიქნებით მოწოდებული, ღია კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან. მათ ავუხსნით მოლოდინებს, პროგნოზებს. ამ ეტაპზე კრიზისული პერიოდი გადავლილია და ყველა პროგნოზით სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს. ასე, რომ ყველა პოლიტიკოსს, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს უნდა მივმართო, რომ აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთვა, რომ ყველა მხარე აღნიშნულ მოწოდებას გაითვალისწინებს.