20 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა - 2015“ აღინიშნა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრო.
შემოქმედში გაიმართა ანსამბლ „მეტეხისა“ და თსუ „გორდელას“ კონცერტი. კულტურული ღონისძიებები შემოქმედის სკვერში 15:00 საათიდან გურიის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენით დაიწყო. ასევე გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, რეწვის ოსტატებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით შემოქმედის საჯარო სკოლას მეცნიერ აკაკი სურგულაძის სახელი მიენიჭა. დასახელდნენ მუნიციპალიტეტის საპატიო მაცხოვრებლებიც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადმიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საკუთარი სოფლისა თუ თემის აღმშენებლობის საქმეში, საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.
დღესასწაულის აღდგენის ინიციატივა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ეკუთვნის. „შემოქმედობა“ პირველად 1977 წელს ჩატარდა.
„ეს ულამაზესი ადგილი არაერთი ღირსეული ქართველის მშობლიური სოფელია. გამორჩეული ლანდშაფტის გამო იგი წლის ნებისმიერ სეზონზე უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ამიტომ გადავწყვიტეთ აღგვედგინა ლამაზი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი 38 წლის წინ ჩაეყარა. მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა და კიდვ უფრო გავალამაზეთ აქაურობა. სურვილი გვაქვს ყველა სოფლის დღე დავაწესოთ და ყოველწლიურად დავაჯილდოვოთ აქ მცხოვრები დამსახურებული ადამიანები“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და აიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.
სახალხო დღესასწაული გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.