"ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას"

ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ ისინი ყველა რესურსს გამოიყენებენ, რათა მომავალში ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება არ დაუშვან.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, სადაც პრემიერი ეკონომიკური გუნდის მინისტრებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდება.

„დღევანდელი, მორიგი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში უკვე აღინიშნა იმის თაობაზე, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ. მათ შორის ის, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად ამოწურულია. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც რეფინანსირების სესხებს ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, მთავრობა შევთანხმდით რომ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა მომავალში ასეთი ტიპის ცვლილება არ დავუშვათ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა

მისივე განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ფონი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე და მეზობელ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა არ იყო ხელსაყრელი.

"თუმცა ის, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის თანაფარდობა ექსპორტის სასარგებლოდ გაუმჯობესდა ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მომავალში დოლარის შემოდინება გაგრძელდება. ამავე დროს, მნიშვენელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ საერთაშორისო პროგრამები და მოვიზიდოთ დაფინანსება“, - აღნიშნა მინისტრმა