"სექსუალურ ორიენტაციასთან" და "გენდერულ იდენტობასთან" დაკავშირებული ჩანაწერების გაუქმებას დემოგრაფიული განვითარების ფონდი ითხოვს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის ამკრძალავი ჩანაწერების გაუქმებას ითვალისწინებს.

საუბარია "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონში, "სისხლის სამართლის კოდექსში" და "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე.

პროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა განახორციელა.

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, კანონის იმ ჩამონათვლიდან, რომელიც სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს, "სექსუალური ორიენტაციის", "გენდერული იდენტობისა და გამოხატვის" ამოღება ხდება.

"სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება არ იქნება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული. პროექტის ავტორი კოდექსის იმ ჩანაწერის გაუქმების ინიციატივითაც გამოდის, რომელიც აღნიშნული ნიშნით ადამიანის თანასწორობის დარღვევაზე პასუხისმგებლობას აწესებს.

რაც შეეხება "შრომის კოდექსთან" დაკავშირებით შემოთავაზებულ პროექტს, კოდექსის იმ ნორმიდან, რომელიც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკიმინაციის აკრძალვას ეხება, "სექსუალური ორიენტაციის", როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ამოღება ხდება.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა და ის განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.