მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განუცხადა.

"პროკურატურაში საკადრო ცვლილბები არ იგეგმება. პროკურატურაში გამოცხადებულია რეფორმა, რომელიც ჩატარდება. ამ რეფორმის შედეგად ახალი წესით არჩეული იქნება ახალი მთავარი პროკურორი, ამას გიდასტურებთ", - განაცხადა გოგაძემ.

კითხვაზე - ვინ შეცვლის მთავარი პროკურორს გიორგი ბადაშვილს, გოგაძის თქმით, აღნიშნულ საკითხს ერთადერთ ადრესატი ჰყავს – იუსტიციის მინისტრი.

"აღნიშნულ საკითხზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადრესატი, რომელთანაც შეგიძლიათ ისაუბროთ, ეს არის იუსტიციის მინისტრი", - განაცხადა გოგაძემ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პროკურატურის სისტემის რეფორმირებასა და მთავარი პროკურორის ახალი წესით მოხსნა-დანიშვნას ითვალისწინებს.

კანონპროექტების შესაბამისად, საპროკურორო საბჭო იქმნება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასევე იქნება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.

შემოდის საგანგებო პროკურორის ცნება, ფუნქციები და ამოცანები. ახლებურად განისაზღვრა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი. განისაზღვრა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და როლი.