ევროკავშირის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღვინის წარმოებას იწყებენ. როგორც "ინტერპრენსნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ENPARD-ის თანადაფინანსების სისტემით ფერმერები წარმოების გაზრდას შეძლებენ.
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა მედიის წარმომადგენლებს ქუთაისში, ღვინის წარმოების გახსნის ცერემონიაზე იწვევს.
"ცოტა ხნის წინ ორმა ადგილობრივმა კოოპერატივმა "თერჯოლის ღვინო" და "მეღვინეობა საზანო" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში და ჩეხური ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need) მიიღო თანადაფინანსება ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისთვის, რაც ღვინის წარმოების გაზრდას, ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სისტემის შექმნას მოხმარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიკი დაესწრება.
"ENPARD-ისა და People in Need-ის ტექნიკური დახმარებით, რომელმაც 76642 ლარი შეადგინა, კოოპერატივმა "მეღვინეობა საზანო" უახლესი ტექნიკური საშუალებები მიიღო და ამ აქტივების საშუალებით ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოსხმას შეძლებს, მისი წარმოების მოცულობა პირველი წლისთვის 600 ლიტრი იქნება. ხოლო კოოპერატივის "თერჯოლას ღვინო" ტექნიკური გადაიარაღებისათვის ENPARD-ისა და People in Need-ის თანადაფინანსებამ 74 365 ლარი შეადგინა, რაც მას საშუალებას მისცემს პირველ წელს 2,850 ლიტრი ღვინო აწარმოოს, რომლის მთლიანი ღირებულება 72,456 ლარი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საგრანტო სქემა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეორნეობის კოოპერატივებისთვის შემოსავლების გაუმჯობესებას ფინანსურად მდგრადი სქემების დანერგვის მეშვეობით.
"კოოპერატივებს, რომლებმაც გრანტზე განაცხადი შეიტანეს, ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში ჩაუტარდათ ტრეინინგები; მათ სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებისგან მიიღეს ტექნიკური რჩევები, იმისათვის რომ შეექმნათ მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმა, რათა მიეღოთ თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა ENPARD-ის ფარგლებში. ტრეინინგები ფერმერებს კოოპერატივის მართვის უკეთ გააზრებაში, წევრებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, რესურსების სწორად და ეფექტიანად მიმართვაში დაეხმარა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, გასვლითი ტურის დროს მედიას ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნობს იმერეთის რეგიონში, ორი წარმატებულ კოოპერატივის საქმიანობას.
გასვლითი ტური 24 სექტემბერს, 13:00 საათზე, თერჯოლაში, გამგეობის შენობის წინ დაიწყება. თბილისიდან გასვლა 24 სექტემბერს, 09:30 საათზე, "ვარდების მოედნიდან" მოხდება.