საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები ვალდებული ხდებიან, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს აშშ-ის რეზიდენტი ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაციის ამერიკული მხარისთვის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გავლით განხორციელდება.
ასეთი ვალდებულება კომერციულ ბანკებს, მზღვეველებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახდო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმებით ეკისრება, რომელიც პარლამენტის მიერ უკვე რატიფიცირებულია. ამასთან, ხელშეკრულების საფუძველზე ცვლილებები 11 სხვადასხვა კანონში შედის.
2010 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი, უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. FATCA უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს ავალდებულებს, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში საბანკო ანგარიშებს ფლობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დაუკავებენ 30%-ს, ამერიკაში რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში 2013 წლის 17 იანვრიდან შევიდა. მიმდინარე წლის 10 ივლისს კი, აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდა.
შესაბამისად, შეთანხმება ითვალისწინებს, გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში საბანკო ანგარიშებს ფლობენ. ინფორმაციის ამერიკული მხარისთვის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით მოხდება.
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტები ამერიკის შემოსავლების სამსახურის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რათა დათქმული პერიოდისთვის – 2015 წლის სექტემბრის ბოლომდე საქართველოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდება მოხდეს.
ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია. კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობა ახლაც გრძელდება.