ხელისუფლებას მედიასთან მიმართებაში გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" განაცხადა, სადაც მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ნამდვილად მოვიდა დრო, საერთაშორისო თანამეგობრობამ, დიპლომატიურმა კორპუსმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიაგარემოსთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარი სიტყვა თქვან.
"ნამდვილად მოვიდა დრო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერიონ ამ საქმეში და შესაძლებლობების ფარგლებში ყველამ თავისი სიტყვა თქვას, რადგან ხელისუფლებას მედიასთან მიმართებაში გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი და ეს არ არის მხოლოდ "რუსთავი 2". ხელისუფლებას პრეტენზია უჩნდება ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრების გამოვლინების შემთხვევაში და არა მხოლოდ მედიასაშუალებების, არამედ მასში შემავალი ცალკეული გადაცემის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ტემპებით და დიდი ნაბიჯებით მიმდინარეობს მუშაობა მედიის შეზღუდვისკენ, რაც გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში პლურალისტული გარემო მოისპობა და 2016 წლის არჩევნები, როგორც არ უნდა ჩატარდეს პროცედურულად, არალეგიტიმურად იქნება ცნობილი. თუ ჩვენ ეს არ გვინდა და ყველანი ვთანხმდებით, რომ არ გვინდა, მე მგონი ეს თავად ხელისუფლებასაც არ უნდა უნდოდეს. უნდა გამოვაფხიზლოთ ის, შევაჯანჯღაროთ და ვუთხრათ, რომ მედიასთან ასე ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება", -განაცხადა გვარამიამ.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო "გამბედავი" ხდება ხელისუფლება მედიასთან მიმართებაში.