მე ვისურვებდი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს ან ბოლო სამ წელიწადს, არამედ ათ წელიწადსაც და ძალიან მარტივად დაინახავენ , რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას შეეხებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც გიგი უგულავასთან მიმართებაში მოხდა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მისთვის სასიხარულო არ არის, რომ წარსულში იყო პრობლემები.
"მე ვისურვებდი "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს ან სამ წელიწადს, არამედ 10 წელიწადს და ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება. "ნაციონალურ მოძრაობას" თავად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით რა დონითაც დღეს არის, პატიმრების უფლებები დაცული ყოფილიყო იმ დონით რა დონითაც ახლაა, პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში და მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი როგორიც დღესაა, ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამის ანალიზს გააკეთებს, უმჯობესია დინამიკაში შეხედოს პრობლემებს.
"ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევდი, რომ დინამიკაში შეხედოს პრობლემებს და ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეზეა. რაც შეეხება უკმაყოფილებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ეს გარდაუვალი საკითხია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.