მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანის უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესახებ და თუ ადამიანებს აქვთ რაიმე სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას შეეხებოდა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას.
"მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას. აქ რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, მაგრამ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში თავისი მოსაზრება გამოხატონ. შევეგუოთ იმას, რომ ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები ყველას მიერ მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველა ბედნიერები გამოვიდნენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.