"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნაკაშიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიის, საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გამოიხატებოდა ჟურნალისტების მიმართ მუქარაში, ზეწოლასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებში. მათ შორის, უშუალოდ როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ისე მთავრობის დღევანდელი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან.
"ეს მოვლენები არ დაწყებულა მაშინ, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი რეკლამასთან დაკავშირებით. "რუსთავი 2"-ისთვის ეს დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ჟურნალისტებზე მუქარა, ზეწოლა და მათი შეურაცხყოფა პირდაპირ ხორციელდებოდა. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ისე მოქმედი პრემიერ-მინისტრის განცხადებები და შესაბამისი ციტირებები, რომლებშიც ისინი ჩვენს თანამშრომლებს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებენ და ეუბნებიან, რომ არიან უნიათოები, უნიჭოები და უნდა რცხვენოდეთ იმის გამო, რომ ამ ტელევიზიაში მუშაობენ. იყო არაერთი მცდელობაც, გადაებირებინათ ჩვენი ჟურნალისტი და ეს არ დაუმალავს ყოფილ პრემიერ-მინისტრს. თუმცა ჩვენმა ზოგიერთმა ჟურნალისტმა ამაზე უარი თქვა. ასე, რომ ეს პროცესი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გრძელდება კარგა ხანია", - განაცხადა ნინო ნაკაშიძემ.
ტელეკომპანიის საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, პირველი დარტყმა "რუსთავი 2"-მა მაშინ მიიღო, როცა გენერალური დირექტორი დააპატიმრეს.
"ეს მოხდა სრულიად აბსურდული მიზეზის გამო", - აღნიშნა ნინო ნაკაშიძემ და დასძინა, რომ ტელევიზიის წინააღმდეგ შეტევა ამ დრომდე გრძელდება.