ჩემი აზრით, ფულადსაკრედიტო პოლიტიკის გატარება პრობლემა იქნება, თუ ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკი არ იქნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე საუბრისას აცხადებს.
მინისტრის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არასწორი ნაბიჯია, თუმცა იქვე დასძენს, რომ "კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა".
"ვფიქრობ, ეს არასწორი ნაბიჯია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა", - აცხადებს მინისტრი.
ამასთან, ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნული არის ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა როგორც განმარტავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ქადაგიძის წინააღმდეგ არის მიმართული.
"ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, პოლიტიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ქადაგიძის წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჯობია, ეროვნულ ბანკს ბანკებზე ზემოქმედების ეს იარაღი არ ჰქონდეს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკით დაკავდეს. ჩემი აზრით, კი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის გატარება პრობლემა იქნება, თუ ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკი არ იქნება. ეროვნული ბანკი ბანკების მამინაცვალი კი არა, მამა უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს, რომ აპრიორი სწორს ვამბობ", - განმარტავს ნოდარ ჯავახიშვილი.