თეა წულუკიანი:   ყველა წარმატებას ევროპულ გზაზე თან ახლავს ახალი მავთულხლართი

თეა წულუკიანი: ყველა წარმატებას ევროპულ გზაზე თან ახლავს ახალი მავთულხლართი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერს, კომიტეტების თავმჯდომარეებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები განიხილეს. პარლამენტის წევრებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში; რას გულისხმობს პროკურატურის რეფორმა, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა დღეს დაამტკიცა; ამას გარდა, როგორ ყალიბდება საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; რა ნაბიჯები იდგმება ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ჩრდილოეთიდან მუდმივად უარყოფითი სიგნალებია იმის გამო, რომ საქართველო ევროპისკენ ისწრაფვის. "ყველა წარმატებას ევროპულ გზაზე თან ახლავს ახალი მავთულხლართი", − აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლიტვა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. სეიმის წევრების თქმით, ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში ნებისმიერი ფორმით გაუწევენ საქართველოს დახმარებას − იქნება ეს ექსპერტების მოვლენა, თუ სამუშაო ჯგუფების შექმნა.

"ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ თქვენთვის ხელშესაწყობად. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა", − განაცხადა ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერმა გედიმინას კირკილასმა.

თეა წულუკიანმა ლიტვაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გამართა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან. იუსტიციის მინისტრის თქმით, "ვიზიტისას კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ლიტვა მხოლოდ კარგი პარტნიორი კი არა, საქართველოს კარგი მეგობარია და როგორც მეგობარს სურს, საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს".