ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი და ევროპის სახალხო პარტიის ევროპარლამენტის ფრაქციის კოორდინატორი დან პრედა გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებაზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
"შოკირებულნი ვართ თბილისის ყოფილი მერის ხელახლა დაპატიმრების და მისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯის ამბით. ეს ამბავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ერთ დღეში მოხდა, როცა სასამართლომ უგულავას გაჭიანურებული წინასწარი პატიმრობა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. გიგი უგულავას თავისუფლებამ და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობამ ერთი სრული დღე-ღამეც არ გასტანა. საქართველოში შექმნილი სიტუაცია საგანგაშო სიგნალს გვიგზავნის. სამართლებრივი სისტემა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა.
გვსურს გავიხსენოთ, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას, ევროპის პარლამენტმა გადაჭრით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოყენება. სამწუხაროდ ეს მაინც ხდება. შერჩევითი სამართლის მიმდინარე საქმეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და სულისკვეთებას უხეშად არღვევს. საქართველოს მთავრობის აკვიატება გამოიყენონ შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიანის მომტანია ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ", - ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის და ევროპის სახალხო პარტიის ევროპარლამენტის ფრაქციის კოორდინატორის დან პრედას განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.