თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ, განაჩენი დაადგინა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, დავით კეზერაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.
სასამართლოს ცნობით, მასვე, ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში - ე.წ. რიყის ეპიზოდი, სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ.
გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში - ე.წ. „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდი, სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ",- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ განიხილა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ე.წ. "რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ.
"რაც შეეხება, ე.წ. "თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს” სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება",- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.