სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მფარველობისათვის საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ.
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.
"ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით. ალექსანდრიის პატრიარქი ამბობს, რომ მთავარანგელოზმა ადამიანი ხილული და უხილავი მტრებისგან რომ დაიცვას, სახლის კუთხეებში მთავარანგელოზის სახელი უნდა დააწეროს. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია, ეს ეკლესია და გარემო ასეთი ყურადღების ქვეშ რომ არის და ამიტომ ითვალისწინებს წინამძღვრის შრომას და მამა ალექსანდრე დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით. პატრიარქმა ტაძრის წინამძღოლს, მამა ალექსანდრეს საჩუქრად ტაძრისთვის წმინდა ილია თეზბიტელის ხატი გადასცა. თავის მხრივ, პატრიარქს საჩუქარი გადასცა ტაძრის წინამძღოლმა.