მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები და არც ერთი სამართლებრივი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კორექტულობას, სისწორეს და სამართლებრივ არგუმენტაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ის, რომ არც ერთი სამართლებრივი შეფასება არ გაკეთებულა, ადასტურებს იმას, რომ "ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი და გადაწყვეტილების სისწორეში ყველანი დარწმუნებულები არიან".
"მინდა მოვუწოდო მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც დაკავშირებულია სასამართლოს შიდაპროცედურულ საკითხებთან. ასევე იგივე პოლიტიკოსებისგან ველი, რომ დაგმობენ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტებს", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ზეწოლის მცდელობის მიუხედავად, სასამართლო ფუნქციონირებას დამოუკიდებლად განაგრძობს. "ზეწოლას არ განვიცდით, ეს ზეწოლის მცდელობებია. ამის მიუხედავად, სასამართლო ჩვეულებრივ, როგორც აქამდე ფუნქციონირებდა, ისე აგრძელებს საქმიანობას, მაგრამ ეს არის ხელისშემშლელი სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის და მთლიანად აზიანებს ქვეყნის პრესტიჟსა და იმიჯს", - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა, რომ უწყებამ აღნიშნულზე "დროული რეაგირება მოახდინოს".