განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლოს ეზოში საკუთარ მხარდამჭერებს დაემშვიდობა, სიმშვიდისა და გამძლეობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ 2016 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაამარცხებენ.
დამშვიდობების დროს გიგი უგულავას გვერდზე მისი ოჯახის წევრები, ასევე პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. დამშვიდობების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს, საიდანაც მას ბადრაგი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანს.
რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და პატიმრობა გაუუქმა. გიგი უგულავას 4 წელი და 6 თვე "თბილსერვისის" საქმეზე შეეფარდა.
რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება 22.00 საათზე გამოაცხადა.
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.