ევროპის სახალხო პარტია (EPP) მიესალმება თბილისის ყოფილი მერის და საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიგი უგულავას გათავისუფლებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს.
"გიგი უგულავას ხანგრძლივი პატიმრობა წარმოშობს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სასამართლოს მუშაობაში მუდმივ პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშრებით. სამართლებრივი პროცესის გაწელვის მიუხედავად, მივესალმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც უგულავას წინასწარი პატიმრობა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. თუმცაღა, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს განცხადებით, იგი და სასამართლოს სხვა მოსამართლეები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ და იღებენ მუქარებს უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო,"- განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას და მოერიდოს კანონის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, რათა ჩაახშოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები.
"ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს, რომ ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა მიიღოს სამართლიანი და გამჭირვალე სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორი ლიდერი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია - ციხეში რჩებიან.
ქართველი ხალხი საკუთარი მთავრობისგან ელის რეფორმების ჩატარებას ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, და არა შურისძიების მცდელობებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ევროპული და საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით მიადევნებს თვალს ყოფილი თანამდებობის პირების და ოპოზიციის წევრების სასამართლო პროცესებს. ოპოზიციის განადგურება არ აქცევს საქართველოს უფრო ძლიერ ევროპელ პარტნიორად. მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის პატივისცემა და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისთვის საშუალების მიცემა მიიყვანს საქართველოს უფრო ახლოს მისი ევროპული მისწრაფებების რეალიზებასთან.
ევროპის სახალხო პარტია მუდმივად აპროტესტებდა დარღვევებს მართლმსაჯულების პროცესში, როგორც უგულავას საქმეში, ისევე სხვა, კვლავაც აქტუალურ, შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი. ევროპის სახალხო პარტია აღნიშნავს, რომ შერჩევითი სამართლის გამოყენებით საქართველოს მთავრობა არღვევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ფაქტი არ დარჩება უშედეგოდ და უარყოფით გავლენას იქონიებს ევროკავშირთან ასოცირების პროცესზე და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებზე," – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.