გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე განაჩენი 22:00 საათზე გამოცხადდება.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა აცნობა.
"ჩვენ ვრჩებით აქ განაჩენის გამოცხადებამდე. უკვე სამი დღეა ვერ ვუკავშირდებით სახალხო დამცველს. უცნაური სიტუაცია შეიქმნა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, სახალხო დამცველი არ ჩანს. იძებნება უჩა ნანუაშვილი და ვისაც ხმა მიუწვდება, გამოგვეხმაუროს", - განაცხადა სერგო რატიანმა.
რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ არის გასული. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ არ გამოიყენა საბოლოო სიტყვის უფლება და მან ამის მოტივი სასამართლო სხდომის განახლებისას განმარტა. უგულავას თქმით, არ აპირებს ფორმალობაში მონაწილეობის მიღებას, რადგან მას საბოლოო სიტყვისთვის მომზადების საშუალება არ მიეცა.
"ეს საქმე დამთავრდება ბრალდებულის საბოლოო სიტყვის გარეშე. ჩემი თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ ფორმალურად ვთქვა საბოლოო სიტყვა. არც დროის გაწელვას ვაპირებ. შემეძლო, აცილებები მომეთხოვა და სხვადასხვა საპროცესო ნორმა გამომეყენებინა, სხდომა 18:00 საათამდე, ანუ სამუშაო დროის ამოწურვამდე გამეწელა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. რა გადაწყვეტილებაც გინდა ის მიიღეთ", - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მას ეშინია, ასე არ არის. ამასთან, უგულავამ მოსამართლეს მიმართა, რომ საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად ერთკვირიანი ვადის განსაზღვრის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით "არასწორი და არაადამიანური გადაწყვეტილება მიიღო".
"რაც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენს განაჩენში, ეს შინაარსობრივად პოლიტიკური პროცესია. ბურთი და მოედანი თქვენია. აწი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ", - განაცხადა უგულავამ.