გამოცხადდება თუ არა განაჩენი რიყისა და "თბილსერვისის" საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილთან მიმართებაში, პროკურატურას ამაზე ინფორმაცია არ აქვს. როგორც საქმის პროკურორმა გიგა ძნელაძემ ჟურნალისტებს პროცესის საათნახევრით გადადების შემდეგ განუცხადა, ვადებს ადგენს სასამართლო.
"ვადებს განსაზღვრავს სასამართლო და ის წყვეტს როდის გავა სათათბიროდ და როდის გამოაცხადებს განაჩენს", - აღნიშნა პროკურორმა.
რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, რომ მას საბოლოო სიტყვის სათქმელად მოსამზადებელი დრო არ მიეცა, პროკურორმა ამაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გიგი უგულავას განცხადება მისმა ადვოკატმა ერთი კვირის წინ პროცესზე წარმოადგინა, სადაც ეწერა, რომ უგულავა ერთ კვირას ითხოვდა საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად. გიგა ძნელაძის განცხადებით, ეს ერთკვირიანი ვადა, რომელიც ბრალდებულს ჰქონდა დასახელებული, უკვე გასულია, დამატებით კი ბრალდებულს მიეცა რამდენიმე საათი, რათა საბოლოო სიტყვისთვის მოემზადოს.
ისარგებლებს თუ არა გიგი უგულავა საბოლოო სიტყვის უფლებით, პროკურორის განცხადებით, ეს მისი გადასაწყვეტია.
საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და თბილსერვისჯგუფის საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სხდომა საათნახევრით გადაიდო. იგი 17:00 საათზე განახლდება. სწორედ 17.00 საათზე გახდება ცნობილი ისარგებლებს თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი საბოლოო სიტყვის უფლებით. პროცესის საათნახევრით გადადების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ამ უფლებას არ გამოიყენებს.