სამხრეთ სუდანში ნავთობით სავსე ტანკერის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა. "როიტერის" ცნობით, აფეთქება ქალაქ მარიდიში მაშინ მოხდა, როდესაც საწვავის აღებას ტანკერიდან ათობით ადამიანი ცდილობდა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია შიშობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება, ვინაიდან სამხრეთ სუდანის საავადმყოფოებში დამწვრობის სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა თითქმის არ არსებობს.
სამხრეთ სუდანი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას წარმოადგენს, სადაც 2013 წლის დეკემბრიდან ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეებმა გასულ თვეს შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის პროცესი ჯერ ბოლომდე არ ამოქმედებულა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ გუშინდელი აფეთქება კავშირში არ არის დაპირისპირებასთან და ის იყო უბედური შემთხვევა.