პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და გიგი უგულავა გაათავისუფლა.
როგორც დეპუტატმა „პირWელს“ განუცხადა, დაცვის მხარისგან დადგა ისეთი შუამდგომლობა, რომელიც ხელს უწყობდა პროცესის გაჭიანურებას, თუმცა ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.
„საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ნორმა რომლითაც იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის დროზე 2010 წელს მიღებულ იქნა „ნაციონალური მორაობის" მმართველობის პირობებში და მას იყენებდნენ ასეულობით პირის მიმართ, არავის მაშინ ეს არ მიუჩნევია არაკონსტიტუციურად. შესაბამისად ეს ნორმა მოქმედებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და ამ ნორმის ფარგლებში, ვისაც ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული, ცხადია ითვლებოდა კანონიერად. მას შემდეგ რაც ის გამოცხადდა არაკონსტიტუციურად, ცხადია საქალაქო სასამართლოს ჰქონდა ვალდებულა, ეხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და დაუყოვნებლივ გაეთავიუსუფლებინა გიგი უგულავა პატიმრობიდან, რაც ასეც მოხდა. შესაბამისად, სასამართლოს მოქმედება არის კანონთან სრულად შესაბამისობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლება არის თავისუფალი, აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერევა მის საქმიანობაში და არავითარი კავშირი უგულავას პატიმრობას პოლიტიკურ დევნასთან არ აქვს. კანონი, რომლითაც ის იყო დაპატიმრებული ითვლებოდა კონსტიტუციურად, ვიდრე მის არაკონსტიტუციურობას არ აღიარებდა სასამართლო. როგორც კი ეს დადგინდა და სრულყოფილად მიეწოდა სასამართლოს, მოსამართლემ იმსჯელა, მოუსმინა მხარეებს და მიიღო ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიეღო. განცხადებები, რომ თითქოს უგულავა 15 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, არასწორია. მისი პატირომა კანონთან შესაბამისობაში იყო“, - განუცხადა კობახიძემ „პირWელს“.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დეპუტატის თქმით, მტკიცებულებები საკმარისად არის წარდგენილი, თვეებია რაც პროცესები გრძელდება და ის რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.
„რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, სასამართლოები იხილავენ. მე ვიცი, რომ პროცესები ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს, პროკურატურამ წარადგინა მტკიცებულებები, სასამართლომ უნდა იმსჯელოს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და მიიღოს შინაგანი რწმენით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ცნობის ან გამართლების შესახებ. ესაა სასამართლოს გადასაწყვეტი. თუ მას უმტკიცდება დანაშაული, ბუნებრივია სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მტკიცებულებები საკმარისად არის წარდგენილი იმიტომ, რომ თვეები პროცესები გრძელდება და ბუნებრივია რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს. კარგი იქნებოდა, რომ ამდენ ხანს არ გაჭიანურებულიყო, თუმცა მე ვიცი, რომ დაცვის მხრიდან დადგა ისეთი შუამდგომლობა, რომელიც ხელს უწყობდა პროცესის გაჭიანურებას. მათ შორის ბოლო ეტაპზე ადვოკატის აცილება, უმიზეზო განცხადებები, არ გამოცხადება ადვოკატის გაურკვეველი მიზეზებით და ა.შ.“, - აღნიშნა კობახიძემ.