ადვოკატი გიგი უგულავას საქმეს პოლიტიზებულს უწოდებს

ადვოკატი გიგი უგულავას საქმეს პოლიტიზებულს უწოდებს

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე, დაასრულებს თუ არა დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას, ეს პროცესზე გახდება ცნობილი. პროცესი დღეს "იმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე იმართება.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გიგი უგულავას საქმეს თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული უწოდა და მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს.

"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ უგულავას მიუსჯიან. თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მხოლოდ რამდენიმე საათი იქნება თავისუფალი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და გადაწყვეტილება მმართველ პოლიტიკურ გუნდთან არის შეთანხმებული. ეს ამ განცხადებებში აშკარად იკვეთება, კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, როდესაც გიგი უგულავას სხვა საქმის გადადება მოითხოვა პროკურატურამ იმ მოტივით, რომ როგორმე "თბილსერვისის" და "იმედის" პროცესი გაიმართოს, ანუ ისინი დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოსთან შეთანხმების გზით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც განაახლებს გიგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრობას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურატურა კი იმედოვნებს, რომ დაცვის მხარეს მომზადებული ექნება დასკვნითი სიტყვის დარჩენილი ნაწილი.

"პროკურატურას მოლოდინი აქვს, რომ დაცვა დღეს მომზადებული მოვა სასამართლო პროცესზე და დასკვნითი სიტყვის დარჩენილ ნაწილს იტყვის", - განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.

იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის დარჩენილ ნაწილს წარმოთქვამს და გიგი უგულავა საბოლოო სიტყვას იტყვის, შესაძლებელია სასამართლო დღეს სათათბიროდ გავიდეს.