რუსები დაინტერესებულნი არიან გალში ატომური სადგურის მშენებლობით, რადგან არსებობს საპროექტო სამუშაოებისთვის დაწუნებული, მაგრამ საწყისი ეტაპი , - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.
ვახტანგ ყოლბაია რუსეთის მიერ გალის რაიონში ატომური ელექტროსადგურის მშნებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, ატომური ელექტოსადგურის მშენებლობის შესახებ საქართველოში ადრეც იყო საუბრები 80-იან წლებში, თუმცა საქართველოში ატომური სადგურის მშენებლობის წინააღმდეგი აზერბაიჯანის მაშინდელი ხელმძღვანელობა იყო. ვინაიდან აზერბაიჯანელებს არ სურდათ, რომ მათ სიახლოვეს ყოფილიყო მეორე ატომური სადგური - ამ ტერიტორიაზე რაზდანის ატომური სადგური უკვე ფუნქციონირებდა.
"90-იან წლებში, პრაქტიკულად, გადაწყდა ატომური სადგურის მშენებლობა საქართველოში და შეირჩა გალის რაიონის რამდენიმე სოფელი: სიდა, რეფი, ნაბაკევი, სადაც ჩაის ყველაზე კარგი პლანტაციები იყო განთავსებული. საქართველოს კომპარტიის დადგენილებით ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს დიმიტრი ქართველიშვილს დაევალა. ატომური ენერგეტიკის საკავშირო სამინისტრომ გამოჰყო თანხა საძიებო სამუშაოებისთვის, ჩამოვიდა სპეციალისტთა შესაბამისი ჯგუფი, საკითხის განხილვა მიმდინარეობდა თბილისში, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომლის განხილვაშიც მთელი სამეცნიერო ელიტა მონაწილეობდა. მოსკოვიდან ჩამოსულმა სპეციალისტთა ჯგუფმა პრაქტიკულად დაიწყო მუშაობა სადგურის დაპროექტების მოსამზადებლად. სამუშაოებისათვის გამოიყო და დაიხარჯა 1 მილიონი რუბლი. წარმოიშვა პრობლემები შერჩეული ადგილის უსაფრთოებასთან დაკავშირებით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ტერიორიაზე აღმოჩნდა ნაპრალი, რომელიც 1947 წელს ზემო სამეგრელოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად განვითარდა", - განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე თქმით, ამ პროექტს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ ატომური სადგურის მშენებლობა სუბტრტოპიკული კულტურებით მდიდარ საკურორტო ზონაში არ შეიძლებოდა.
"ამ საკითხზე მას სერიოზული კამათიც ჰქონდა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან. საკითხი განსახილველად პარტიის ცეკას დაუბრუნდა. საბოლოო ჯამში, ქართველმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვეტო დაადეს. ცნობისთის, დღევანდელი ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენებულიყო ატომური სადგურის მომსახურე პერსონალისთვის 30000-იანი ქალაქი, სადაც გალი ითხოვდა ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 5-10 მილიონ რუბლს და მოსკოვის თანხმობაც ჰქონდა მიღებული, პროექტი შეჩერებულ იქნა. დღეს, რა თქმა უნდა, რუსები დაინტერესებულნი არიან გალში ატომური სადგურის მშენებლობით, რადგან არსებობს საპროექტო სამუშაოებისთვის დაწუნებული, მაგრამ საწყისი ეტაპი. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალში საქართველო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ენგურჰესზე, რომლის მეშვეობით ისინი ინარჩუნებენ გავლენას საქართველოზე და ამიტომ ისევ გააცოცხლეს ატომური სადგურის მშენებლობის იდეა. ამასთან, რუსები ნაკლებად ფიქრობენ სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე და აქედან გამოდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის ბედი ნაკლებად აინტერესებთ", - განაცხადა ყოლბაიამ.