მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას

მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას "რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისად" აფასებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას "რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისად" აფასებს. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ "უდანაშაულო გიგი უგულავას" გათავისუფლებას მიესალმება.

"მივესალმები უდანაშაულო გიგი უგულავას გათავისუფლებას, 14 თვიანი აბსურდის დასასრულს და რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს", - წერს სააკაშვილი.

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გვიან საღამოს მიიღო. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე მორიგი პროცესი დღეს გაიმართება.