ამირან გიგუაშვილი - ქვეყნისთვის უკეთესია, თუ პოლიტიკური ლიდერები სასამართლო პროცესებზე ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით ივლიან

ამირან გიგუაშვილი - ქვეყნისთვის უკეთესია, თუ პოლიტიკური ლიდერები სასამართლო პროცესებზე ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით ივლიან

"პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესია, თუ პოლიტიკური ლიდერები სასამართლო პროცესებზე ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით ივლიან.

ამირან გიგუაშვილის შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლებით პროცესი არ დასრულებულა და წინ კიდევ არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, მათ შორის, შესაძლოა, გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიღო ის ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო. ეს არც გიგი უგულავას დამნაშავეობას ამტკიცებს და არც მის უდანაშაულობას. პირიქით, ვფიქრობ საქმის განხილვა კიდევ უფრო დაჩქარდება და პროკურატურა, როგორც ბრალდების მხარე მეტად იქნება დაინტერესებული დაამტკიცოს, რომ თბილისის ყოფილი მერისათვის წარდგენილი ბრალდებები, მით უმეტეს მისი პატიმრობა საფუძვლიანი იყო და რეალურად გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან. თავის მხრივ, გიგი უგულავას დაცვის მხარესაც საშუალება მიეცემა უფრო სრულფასოვანი დაცვა განახორციელოს", - განაცხადა გიგუაშვილმა. 

მისივე თქმით, შეცდომა იყო არა გიგი უგულავას გათავისუფლება, არამედ თავის დროზე მისი დაპატიმრება, ვინაიდან ყოველთვის როდესაც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და დედაქალაქის მოქმედ მერს აპატიმრებენ, ეს აღიქმება პოლიტიკური პროცესად, როგორი სამართლებრივი საფუძვლებითაც არ უნდა იყოს ბრალდება გამყარებული.

"ზოგადად, არა მგონია პოლიტიკური ფიგურების დაჭერით და მათი საზოგადოებისგან იზოლაციით ვინმე რჩებოდეს მოგებული. ეს არის დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს მარტივი აქსიომა. უფრო დამაჯერებელი იქნება, თუ პოლიტიკური ლიდერები, რომელთა მიმართაც არსებობს ბრალდებები და მით უფრო, თუ ეს ბრალდებები ეხება არაძალადობრივ ქმედებებს, პროცესებზე ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით ივლიან და გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენებს სახლში დაელოდებიან. ამით მართლმსაჯულებასაც ნაკლები პოლიტიკური ელფერი ექნება და ქვეყნის ინტერესებიც მეტად იქნება დაცული", - აცხადებს გიგუაშვილი.