საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო კანონით დადგენილი წესით. დღევანდელ პროცესზე კი ეს წესი ვერ დავინახეთ, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გიგი უგულავა მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობის პრინციპი და ბრალდების მხარეს მხოლოდ ორი საათი მისცა იმ გადაწყვეტილების გასაცნობად, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე 4 თვე მუშაობდა.
"ყველაფერს თავი დავანებოთ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ოფიციალურ ვებგვერდზე 5 საათზე გავრცელდა, მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე, ისე ჩქარობდა სასამართლო, რომ ჩანიშნული ჰქონდა პროცესი. მოსამართლეებს ფიზიკურად არ ჰქონდათ წაკითხული სამოტივაციო ნაწილი და ეს პირადად დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე. აღნიშნეს, რომ ვერ მოასწრეს და ისე მიიღეს დაჩქარებული წესით გადაწყვეტილება. ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაირღვა არაერთი საპროცესო ნორმა, მათ შორის, ელემენტარული შესაძლებლობა არ მოგვცეს, რომ საპასუხო სიტყვა გვეთქვა შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რჩება თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სამართლებრივი გზა, რათა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს, პროკურორმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, თუმცა ბრალდების მხარე გიგი უგულავას და სხვა პირების მიმართ სასამართლოს სხდომაზე კვლავ მხარს დაუჭერს წარდგენილ ბრალდებას.
"ბრალდების მხარე მხარს უჭერს არსებით განხილვაზე კონკრეტული ბრალდებულების მიმართ საქმეებს, გავაგრძელებთ ბრალდების მხარდაჭერას და საქალაქო სასამართლო თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს მომავალში მაინც, ვიდრე დღეს ჩაგვაყენა. ბრალდების მხარესაც ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც დაცვის მხარეს", - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
მან არ უპასუხა ვანო მერაბიშვილის მიერ მის მიმართ დღეს გამოთქმულ ბრალდებას.