საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და უგულავას ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა და გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1 და 6 მუხლებთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების, ან ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე.
გადაწყვეტილებას ხელს პლენუმის წევრები: გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი აწერენ. დოკუმენტს ხელი მხოლოდ მერაბ ტურავამ არ მოაწერა.